მწერალთა სახლის დირექტორად ოცნების წევრი პარლამენტარის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ ორგანიზაციის სახელით განცხადება ვრცელდება, რომელშიც საუბარია, რომ მიმდინარე პროცესით საფრთხე ექმნება თავისუფალ და უცენზურო მართვას. ეს არის გამოხმაურება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანია გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მოქმედ დირექტორს ნატალია ლომოურს აღარ მისცა საშუალება გაეგრძელებინა მუშაობა.
“მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი. საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი.
ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების – მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი. მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ.“ – ნათქვამია განცხადებაში.