ვუთხარი რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის..შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს – ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას პაპუაშვილი არ შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება.

„მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ, ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად, რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციების დროს.

მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვებისთვისაც, თუკი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორ პაპუაშვილმა განაცხადა, მათთვის კრიტიკა პრობლემა არ არის.

„მე მგონი, ამდენი კვირა აკვირდებით, რომ არც კრიტიკაა ჩვენთვის პრობლემა, იმიტომ, რომ სათქმელი ყველასთან გვაქვს და გარწმუნებთ, როგორც პარლამენტში დებატების დროს, შემდეგ არგუმენტი არ აქვთ ხოლმე და ვერ შედიან შინაარსობრივ მსჯელობაში, ზუსტად ასეთივე არის ჩვენი მსჯელობა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ხოლმე – შინაარსში როდესაც შევდივართ, იმის იქით ვეღარ არის მსჯელობა. ამიტომ არც კრიტიკაა პრობლემაა, არც განცხადება, მე მგონი ხედავთ, რომ არის განცხადებები, მათ შორის, ვინც ჩამოდიან მათი მხრიდანაც, აქ პრობლემა არ არის, ვინაიდან განცხადებას ჩვენი საპასუხო განცხადება მოჰყვება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.