ათასობით ადამიანი იძულებულია საკუთარი სახლები დატოვოს და გაიქცეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკან ნირაგონგოს ამოფრქვევის გამო.
ღამით ამოტყორცნილმა ლავამ ქალაქ გომას თავზე წითელი ფერის ღრუბლის ჩამოყალიბება გამოიწვია. ქალაქში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ლავას ნაკადებმა ქალაქის აეროპორტსაც მიაღწია, თუმცა შემდეგ შეჩერდა.
ვულკანი ქალაქ გომადან 10 კილმეტრში მდებარეობს. ბოლოს ის 2002 წელს ამოიფრქვა და 250 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 120 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
დღეს დილით ადგილობრივ მაცხოვრებელთა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა და მეზობელ რუანდაში გადავიდა. დანარჩენები ქალაქის დასავლეთით შემაღლებულ ადგილებს აფარებენ თავს.
არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც ტერიტორიას ტოვებენ. მათ თან მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეუძლიათ. ხალხმა სახლების დატოვება ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ხელისუფლება ოფიციალურად განგაშს გამოაცხადებდა, რაც ვულკანის ამოფრქვევიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.
რუანდის ხელისუფლების ცნობით ქვეყნის ოფიციალური საზღვარი ქალაქ გომას დაახლოებით 3 ათასმა მაცხოვრებელმა გადაკვეთა. სახელმწიფო მედია იტყოინება, რომ მათ დროებით სკოლებში და ეკლესიებში დააბინავებენ.
ხალხი შეშინებული და სასოწარკვეთილია. ბევრმა მათგანმა უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს და სად წავიდეს.
ვულკანის მიმდებარე ტერიტორიებზე გაითიშა ელექტროენერგია, ავტომაგისტრალის ნაწილი, რომელიც ქალაქ გომას მეზობელ ქალაქ ბენისთან აკავშირებს ლავათია დაფარული. ვრცელდება ინფორმაცია მიწისძვრედბის შესახებაც.
ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ისინი ინფორმაციის ნაკლებობაზე და სოციალურ ქსელებში წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებაზე ჩივიან.
კომუნიკაციის მინისტრმა ტვიტერში დაწერა, რომ ხელისუფლება სასწრაფო ზომების მიღებას განიხილავს. მოგვიანებით მან თქვა, რომ ლავას მოძრაობა შენელდა და უბედურების მაშტაბების შეფასება ჯერ არ დასრულებულა.
გაეროს სამშვიდობო მისია, რომელიც კონგოშია ბაზირებული ვულკანის თავზე სადაზვერვო ფრენებს ახორციელებს.
??Activité volcanique aux alentours de Goma: la MONUSCO fait des vols de reconnaissance.
La lave ne semble pas se diriger vers la ville de Goma. Nous restons en alerte. pic.twitter.com/JQmz7v16Ne
— MONUSCO (@MONUSCO) May 22, 2021
ნირაგონგო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. თუმცა არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ ადგილობრივი სპეციალისტები არასწორად აფასებენ მის აქტიურობას და საფრთხეს,შედეგად მსოფლიო ბანკმა მათ კორუფციის ეჭვის გამო დაფინანსება ჩამოაჭრა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ვულკანის ამოფრქვევას 1977 წელს მოჰყვა. მაშინ 600 ადამიანი დაიღუპა.