იტალიის სამხრეთ ნაპირებთან ტირენეის ზღვის ფსკერზე ევროპის უდიდესი მოქმედი ვულკანი იმალება. ეს საშიში გიგანტი მისი წყალქვეშა ქედების მრავალრიცხოვანი ხვრელების და ნაპრალების საშუალებით სუნთქავს, მეცნიერები კი ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდება მისი ამოფრქვევის შემთხვევაში. პროგნოზები განსხვავებულია, მათ შორის კატასტროფულიც.
იტალიური ვულკანების ხსენებისას პირველ რიგში ყველას სიცილიური ეტნა და ვეზუვი ახსენდება, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ. ვეზუვი ერთ დროს ძველრომაული ქალაქის, პომპეის დაღუპვის მიზეზი გახდა. თუმცა,ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის საფრთხე მხოლოდ ამ ორი ვულკანით არ შემოიფარგლება. კიდევ ერთი საფრთხე მათ ზღვის ფსკერიდან ემუქრებათ.
წყალქვეშა მონსტრს, რომელსაც ნახევარკუნძულის სამხრეთით პანიკისა და ქაოსის გამოწვევა შეუძლია, მარსილი ქვია. ის წყლის ქვეშ, ნეაპოლიდან 175 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთით მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის ფსკერიდან 3000 მეტრია, სიგრძე 70 კილომეტრი, სიგანე კი 30 კილომეტრი.
დიახ, მარსილი ევროპის ყველაზე მსხვილი მოქმედი ვულკანია. მაგრამ მისი დანახვა ადამიანის თვალით პრაქტიკულად გამორიცხულია. უზარმაზარი წყალქვეშა მთის უმაღლესი მწვერვალიდან ტირენეის ზღვის ზედაპირამდე კიდევ 500 მეტრია.
მარსილის არსებობის შესახებ მეცნიერებმა უკვე ას წელზე მეტია იციან, თუმცა ბოლო ათწლეულში მათ დეტალურად დაიწყეს ყველა საფრთხის შესწავლა, რომელსაც ვულკანი ქმნის. ის კი, რაც მათ გაარკვიეს შეშფოთების საფუძველს იძლევა.
კომპიუტერული მოდელირების ბოლო შედეგების თანახმად მარსილის ვულკანური აქტივობა (ვულკანის ნაწილის ნგრევის შედეგად) პოტენციურად უზარმაზარი ცუნამის წარმოქმნას გამოიწვევს. 20–30 მეტრის სიმაღლის ტალღები შეიძლება კალაბრიის და სიცილიის ნაპირებს დაატყდეს თავს.
უფრო მეტიც: ამ პოტენციური კატასტროფის შესახებ პრაქტიკულად ვერანაირი გაფრთხილება ვერ მოხდება. ამიტომაც ზოგიერთი მეცნიერი განგაშს ტეხს და მოითხოვს ხმელთაშუაზღვის ტალღებს ქვეშ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს.
ძირძველი საფრთხე
რა თქმა უნდა, ზომით მარსილი ვერც შეედრება მაგალითად ტამუს მასივს – ჩამქრალ წყალქვეშა ვულკანს წყნარი ოკეანის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, იაპონიის აღმოსავლეთით, 1600 კილომეტრის დაშორებით, რომელიც დედამიწაზე ცნობილი უდიდესი ვულკანია 4 460 მეტრის სიმალით.
თუმცა, ტამუსგან განსხვავებით მარსილი მოქმედი ვულკანია. ის ევრაზიული და აფრიკული ტექტონიკული პლატფორმების საზღვართან ახლოს მდებარეობს, სადაც გეოლოგიური აქტივობა მომატებულია.
მარსილი გეოლოგების თქმით დაახლოებით მილიონი წლის წინ დაიბადა. ათასწლეულების მანძილზე მასზე 80 აქტიური კონუსი და უამრავი ნაპრალი ჩამოყალიბდა, საიდანაც ლავა შეიძლება ამოვიდეს.
იმის გამო, რომ ვულკანი ტალღებში ღრმად არის ჩამალული, ეს შენელებული მოქმედების ნაღმი მხოლოდ 100 წლის წინ აღმოაჩინეს.
“მხოლოდ 20–ე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ადამიანებმა ზღვის ფსკერის კარტოგრაფირება. ერთის მხრივ, ამის მიზეზი წყალქვეშა სამხედრო გემების აქტიური გამოყენება გახდა, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემების განვითარება, რომლებსაც ზღვის ფსკერზე კაბელების გაჭიმვა ჭირდებოდა“– ამბობს იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაცინალური ინსტიტუტის ვულკანოლოგი გვიდო ვენტურა.
შედეგად, 1920–იან წლებში ბოლოს და ბოლოს ეს წყალქვეშა მთაც აღმოაჩინეს. მას სახელი იტალიელი მეცნიერ–ენციკლოპედისტის, ლუიჯი ფერდინანდო მარსილის პატივსაცემად დაარქვეს.
თუმცა, ვულკანის დეტალური შესწავლა მხოლოდ 2000–იან წლებში დაიწყო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მარსილის უკანასკნელი ამოფრქვევა რამდენიმე ათასწლეულის წინ მოხდა.
მისი ამჟამინდელი აქტივობა სუსტი წყალქვეშა “დუდუნით“, გაზის ემისიებით და მსუბუქი ბიძგებით შემოიფარგლება.
თუმცა, ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს მარსილის გაცოცხლებას უფრო დრამატული ფორმით. შესაძლოა ის უბრალოდ თვლემს. თუ მისი ამოფრქვევა კვლავ მოხდება, ლავას და ფერფლს 500 მეტრის სიმაღლის წყალი შთანთქავს და იმის ალბათობა, რომ ცეცხლის ალი ან ლავა ნაპირებს მიაღწევს და მოსახლეობას დააზიანებს, ძალიან მცირეა.
“საფრთხე არა იმდენად ამოფრქვევაშია, რამდენადაც წყალქვეშ შესაძლო მიწის მასების ჩამოშლაში“– ამბობს ვენტურა.
თუ სეისმური მოვლენები ან თავად ამოფრქვევა ვულკანის ერთი კედლის ჩამონგრევას გამოიწვევს, ამას წყლის უზარმაზარი მასების გადაადგილება და ცუნამი მოჰყვება.
ნეაპოლის საფრთხე
ცნობილია, რომ შორეულ წარსულში ეოლიის ვულკანური ჯაჭვის წყალქვეშა მეწყერები შესაძლოა ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყო. მაგალითად, 1343 წელს პოეტმა პეტრარკამ აღწერა შემზარავი შტორმი, რომელმაც ნეაპოლის ყურის სანაპირო გაანადგურა და ასობით ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.
ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ტრაგედია შესაძლოა ცუნამის შედეგი ყოფილიყო. მეცნიერებმა მოძებნეს მტკიცებულებები უძველესი მეწყრების შესახებ, რომლებიც ვულკან სტრომბოლის ამოფრქვევამ გამოიწვია.
2002 წელს სტრომბოლის კიდევ ერთმა ამოფრქვევამ ორი ცუნამი გამოიწვია. ტალღებმა არა მხოლოდ თავად კუნძულ სტრომბოლს შეუტია, არამედ მატერიკამდე მიაღწია, თუმცა არავინ დაღუპულა.
მეცნიერები ამბობენ, რომ სამწუხაროდ არ შეუძლიათ ზუსტად გამოთვალონ საფრთხე, რომელსაც მარსილი შეიცავს, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები. თუმცა, მათი თქმით, აქვთ ყველა საფუძველი იფიქრონ, რომ ვულკანი ძალიან საშიშია.
პირველ რიგში, მუდმივმა ჰიდროთერმულმა აქტივობამ შეიძლება ვულკანის კედლები დაასუსტოს. გარდა ამისა, მიკრომიწისძვრების შესახებ მონაცემების რეგისტრაცია აჩვენებს, რომ ლავა ვულკანის კერაში კვლავ დუღს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები თვლიან, რომ მარსილის შესაძლო ამოფრქვევა მთელი სერიოზულობით უნდა შეისწავლონ.
წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერთა ჯგუფმა ხუთი შესაძლო სცენარი განიხილა.
პირველ ორ სცენარში წყლის მასების გადაადგილება მინიმალურია, რაც მხოლოდ მცირე ტალღებს გამოიწვევს.
თუმცა, ვულკანის ჩრდილო–დასავლეთის კედლის ჩამონგრევა უფრო სერიოზულ შედეგებს გამოიწვავს – 2-4 მეტრიანი ტალღები კამპანიის ოლქის სამხრეთს მიაღწევს, 2-3 მეტრის ტალღები კი სიცილიის და კალაბრიის ნაპირებამდე ნახევარ საათში მივა.
ყველაზე ცუდ სცენარში განიხილება წყალქვეშა მთის აღმოსავლეთ კედლის ჩამონგრევა და მისი მწვერვალის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილების ნგრევა.
მეცნიერების გათვლით ეს გამოიწვევს 20 მეტრის სიმაღლის ტალღას, რომელიც სიცილიის და კალაბლრიის ნაპირებს 20 წუთში მიაღწევს. რამდენად კატასტროფული იქნება შედეგები და რამდენად დიდი იქნება მსხვერპლი, ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, მოხდება თუ არა ეს მოვლენა ტურისტულ სეზონზე და იქნება თუ არა სანაპიროები ხალხით სავსე.
იმისათვის, რომ ამ სცენარის რეალურობა შეფასდეს, შემდგომი კვლევებია საჭირო.
ამ დროისთვის იტალიაში არ არსებობს ცუნამის შესახებ მოსახლეობისთვის სასწრაფო შეტყობინების სისტემა.
მეცნიერები ამბობენ, რომ მისი შექმნა რთული არ არის და შესაძლებელია სისტემამ ცუნამის შემთხვევაში იმ რეგიონების მცხოვრებლებს ესემეს შეტყობინებები გაუგზავნოს, რათა მათ ცუნამის მოსვლამდე შეძლონ თავს უშველონ.
ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნის გარდა, მეცნიერები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არსებულ პოტენციურ საფრთხეზე ყველა იყოს ინფორმირებული – საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც, მოსახლეობას კი კარგად ქონდეს გააზრებული რისკები, რათა კრიტიკულ სიტუაციაში სწორად იმოქმედოს.