“ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს “- ისრაელის საელჩო საქართველოში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს”. – წერია განცხადებაში.
17:00 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი, მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის.
ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.
შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.