მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს ტრაგედია სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ჩვენი ყველა მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთეს, რათა გადარჩენილიყვნენ ის ადამიანები, ვინც გადარჩნენ.

მინდა ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და პირადად მე ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას, ვინც იქაა ჩართული.

დღეს არის ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა. ჩემი ადმინისტრაცია და მე ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენც თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში.

დიდი მადლობა მაშველებს. მათი როლი არ დასრულებულა და მათი მუშობა ამ პირობებში არის რთული და ვიცით, თუ რამდენად შეუძლიათ მათ ამ ძალიან რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანები გადაარჩინონ. მადლობა ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომლებმაც დღეს სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მოვისმინე პრემიერისგან, რომ ჯერ არ ვთვლით, რამე დახმარება იყო საჭირო სხვა პარტნიორი ქვეყნებისგანო. მზად ვარ, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ამ დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ და ვიქნებით ერთად.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.