ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ერთობლივი ბრძოლის შედეგია.
“ივერი მელაშვილისა გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ, მისი ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხმა დააყენა დღევანდელი შედეგი – დღეს ბატონი ივერი საკნის ნაცვლად სატელევიზიო ეთერებშია და დაუნდობლად ამხელს მოძალადე ხელისუფლებას.
ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?!
დავიჯეროთ რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება!”,– წერს მელია Facebook–ზე.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. გირაოს თანხა საზოგადოებამ მათ 2 საათში შეუგროვა.