აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.
ისინი ილია ჭავჭავაძის მოთხრობას “სარჩობელაზედ” იხსენებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებამ ძალისხმევა უნდა გააერთიანოს, რათა ზვიად გამსახურდიას ისტორია არ განმეორდეს.
“ვისაც ილიას „სარჩობელაზედ“ გულდასმით წაუკითხავს, კარგად ეხსომება გულუბრყვილო პეტრე, რომელსაც ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობა უხეირო ხუმრობა ეგონა, მასში მონაწილე მღვდელი და ჯალათი მასხარები, რადგან ვერ დაეჯერებინა რომ მხიარულად მოღრიანცელე ბრბო ადამიანის სიკვდილს ასე აგდებით უყურებდა.
-დილამდე რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ- იმშვიდებდა თავს პეტრე.
ალბათ გახსოვთ ამ დიდებული მოთხრობის ფინალიც, როცა ჩამოხრჩობილის ძმამ გულუბრყვილო პეტრეც დაადანაშაულა.
-მე რა შუაში ვარო! – შეშინდა მოხუცი.
-მართლაც და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოსო – იკითხა ილიამ და ჩვენ დაგვიტოვა ეს კითხვა საპასუხოდ.
-ჩვენ რა შუაში ვართ; დამნაშავეა და პასუხი აგოს! და რაც ყველაზე მთავარია, ისევ ის უდარდელი ხორხოცი სიკვდილთან პირისპირ დარჩენილი ადამიანის ცქერისას. ასე იყო მაშინაც, იმ ბნელ 90-იანებში, როცა გულგრილად დავტოვეთ „სარჩობელაზედ“ პრეზიდენტი გამსახურდია. ჩვენ რა შუაში ვიყავით?
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – გვაცნობა მისმა პირადმა ექიმმა.
-თაფლსა და წვენს მიირთმევს სააკაშვილი, მეტი საქმე არა აქვს თავი მოიკლას –
იმშვიდებს თავს მავანი ქართველი და თავისივე ხუმრობით გამხიარულებული უდარდელად უყურებს სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს. ჩვენ ვდუმვართ ბებერი პეტრესავით და თავს ვიმშვიდებთ, რომ ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ რა შუაში ვართ? ვართ! მოგვეკითხება!
ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვეკითხა ყველას ერთად. ყველას, ვინც 93 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის სუფრასთან შევხვდით და მარტო შევატოვეთ ხიბულაში „სარჩობელას“ პრეზიდენტი გამსახურდია. მოგვეკითხა დაკარგული ახალგაზრდობით, სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიებით, ასიათასობით ლტოლვილით, ემიგრაციაში გაქცეული თაობებით. და ამიტომ, ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ მორიგი „სარჩობელა“ ავიცილოთ თავიდან. ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენ გვჭირდება, ჩვენს სინდისს, რომ ის საბედისწერო კითხვა, რომელიც ილიამ დაგვიტოვა, ისევ ახალ თაობას არ დავუტოვოთ თავის სამტვრევად”,– წერემ ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მისი თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ართულებს.