ბელარუსის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი ინაუგურაცია საიდუმლოდ გამართა. არჩევნებსა და მის გამარჯვებას როგორც ოპოზიცია, ისე დასავლური ქვეყნების უმეტესობა არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ლუკაშენკომ მეექვსე საპრეზიდენტო ფიცი ისე დადო, რომ წინასწარ ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.
“ვფიცავ, რომ ერთგულებით ვემსახურები ბელარუს ხალხს, პატივს ვცემ და დავიცავ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ისევე როგორც ბელარუსის კონსტიტუციას”, – თქვა პრეზიდენტმა.
არჩევნების შემდეგ, 1 თვეზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ესწრება.
ლუკაშენკოს ხელისუფლება დემონსტრანტებთან გამკლავებას ძალადობრივი რეპრესიების გზით ცდილობს. ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე 12 000-მდე დემონსტრანტია დაკავებული, 200-მდე დაშავებული, მინიმუმ 4 კი დარბევის დროს ან შედეგად გარდაცვლილი.
მოქალაქეები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.