ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, “არასწორს” და “დეზინფორმაციას” უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს.
ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც “ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას” დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.
ბონი ჯენკინსი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტს აფასებს. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შესვლაზე; რამდენად რეალურად მიაჩნია ბირთვული ომის საფრთხე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში ამერიკის პასუხი.
“ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოდან, თბილისიდან და პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. პირველად ვიყავი საქართველოში და ძალიან ველოდი იქ ჩასვლას.
ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც წავედი იყო იმ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ჩვენ უკვე 30 წელია ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, უამრავ პროგრამაზე და ეს ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ჩასული ვიყავი იმისთვისაც, რომ გვესაუბრა ბიოუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებებზე. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან მე კონფერენციაზე სასაუბროდაც ვიყავი ჩასული. ასევე ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.
იმის გათალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც.
ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.
იმის გათალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ.“
-საქართველოში ყოფნის დროს განცხადება გააკეთეთ და თქვით, რომ პერსონალური თავდასხმა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანზე და ამერიკის საელჩოზე უფრო დიდი კონტექსტის ნაწილია, რომელიც მთელს რეგიონში არსებობს. შეგიძლიათ ცოტა მეტი გვითხრათ ამაზე, რა იგულისხმეთ?
-ძალიან ბევრი დეზინფომაცია. როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკის და სხვამ თავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა.
დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა – და ასეც მოვიქეცი – ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში.
-ამ დეზინფორმაციის ნაწილია ისიც, რომ იმეორებენ, თითქოს „ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს“. რას იტყვით ამაზე?
-ეს არასწორია. ეს დეზინფორმაციაა. არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არა რსებობს. ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ პროგრამები, თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ურთიერთობები და ასევე ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება.