“ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისკენ, ზოგი უმცირესობისკენ, ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა კანონზომიერია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.
აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი, ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს.
ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისთვის“
განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.