ზაალ უდუმაშვილი “TV პირველის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ხდება

პარლამენტის ყოფილი წევრი ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია “პირველის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

უდუმაშვილს დეპუტატის მანდატი დღეს, 9 ივნისს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდა.

“ზაალ უდუმაშვილი იქნება არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად იმუშავებს ერთ-ერთ მენეჯერულ პოზიციაზე. დეტალებს თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი იტყვის. ბევრი წლის შემდეგ ზაალ უდუმაშვილი დაუბრუნდება იმ საქმეს, რასაც აკეთებდა და იყო საინფორმაციო გამოშვების ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო წამყვანი… ერთი წუთი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავისთვის მისი კომპეტენცია, როგორც საინფორმაციო წამყვანის და როგორც მენეჯერის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი შემოერთებით ჩვენი ტელევიზია უფრო გაძლიერდება და დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ მას”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ მელაძემ, არხის მთავარმა პროდიუსერმა.

ზაალ უდუმაშვილი მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 13 ივნისიდან გაუძღვება.