ზაზა გახელაძის ოჯახმა აღაიანთან ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა – აქციის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა “მთავარს” ანტიოოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ მიაწოდა.
“მთავარის” ინფორმაციით, ავტობანზე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები, პლაკატებით არიან შეკრებილი და ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
“გადავკეტეთ, რომ დროულად იმოქმედონ და რეაგირება ჰქონდეთ, 7 თვეა ამბობებ, ვმუშაობთ, ვმუშაობთო. დრო გვითხრან, რომ 2 თვეში, მაგალითად, გამოუშვებენ და გავჩერდებით ჩვენც. არავის არ აქვს პასუხი”, — აცხადებს გახელაძის ერთ-ერთი ნათესავი.
ამ დროისთვის მოძრაობა ავტობანზე აღდგენილია – პოლიციასთან მოლაპარაკების შემდეგ გახელაძეების ოჯახმა გზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.