არასამთავრობო ორგანიზაციები კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
ისინი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
“ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოვითხოვთ, იმის გაკეთებას, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ და შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ის მავთულხლართი, რომელიც აქვე ახლოსაა და რომელიც ახლა პირდაპირ ეთერშიც ჩანს”, – განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა დავით დონერიანმა.
ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის.
„ხალხის მხარდაჭერა, ქუჩაში დგომა ამ წვიმიან ამინდში – ყველას დიდი მადლობას ვუხდი, ვესაუბრე მათ. გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი და გასაჩივრებას ექვემდებარება. ეს უკვე ზაზაზეა დამოკიდებული, გაასაჩივრებს თუ არა. მისი დაპირება იყო და იმედი, რომ მალე დაბრუნდება”, – თქვა ირმა ბუთხუზმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
დე-ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.