“ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან.”- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის ხშირად აკრიტიკებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რის გამოც მას და მის ოჯახს ემუქრებიან.
“დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე. დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე. ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.