ზალკალიანი გვეუბნება, „მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“ – კანდელაკი

ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინს არ გაივლის და PCR ტესტირება ჩაუტარდება.

კანდელაკის თქმით, ზალკალიანს ხალხი, ვინც დისკრიმინაციული კარანტინის გამო, „გამწვანებული“ ქვეყნებიდან ვერ ბრუნდება, სულელი ჰგონია და “გვეუბნება, “მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“.

,,ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მინისტრი კარანტინში უნდა იჯდეს, მაგრამ თუკი მინისტრს აქვს პრივილეგია, „გაუმწვანებელი“ ქვეყნიდან შემოვიდეს ტესტით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის, მაშინ როცა ამ „გამწვანებული“ ქვეყნების მოქალაქეებს არაფერს არ ვთხოვთ? ამდენმა ხალხმა რა დააშავა და რატომ არის გამონაკლისი დავით ზალკალიანისთვის, ვინ არის საერთოდ დავით ზალკალიანი?“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

“მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ”,– გამოეხმაურა ზალკალიანი კანდელაკის კრიტიკას. ზალკალიანის განმარტებით, მთავრობას 332–ე დადგინელება აქვს მიღებული, რომელშიც წერია, რომ  სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ, ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.