ზალკალიანი კულებას შეხვდა – რაზე ისაუბრეს საგარეო მინისტრებმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრათხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა.

უწყების ცნობით, ზალკალიანმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარეები მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

“ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იქნეს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინას და საქართველოს გააჩნია შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით.

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობასა და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყეობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხადაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობისათვის”,– აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.