ზალუჟნის არშემდგარი გადადგომა. რა მოხდა სინამდვლეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებული ეპოპეა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ მილიონობით უკრაინელის აღელვება გამოიწვია.

რა მოხდა სინამდვილეში 29 იანვარს და რა ვიცით ამ დროისთვის: 

ორშაბათს, 29 იანვარს, ნაშუადღევს, ვალერი ზალუჟნის აცნობეს, რომ პრეზიდენტს მისი ნახვა სურდა: ვლადიმერ ზელენსკის თითქოს სურდა ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა მთავარსარდალთან.

ის მაშინვე წავიდა ბანკვსკაიას ქუჩაზე, სადაც სადაც  პრეზიდენტის ოფისის შენობაა განთავსებული. წინასწარ ჩანდა, რომ ეს შეხვედრა ტიპიური არ იქნებოდა.  იმისდა მიუხედავად, რომ ზელენსკი და ზალუჟნი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს მთავარსარდლის შტაბის შეხვედრებზე, მათ დიდი ხანია აღარ ქონიათ შეხვედრა პრეზიდენტის ოფისის უფროსის თანდასწრების გარეშე. ამ დღეს ანდრეი ერმაკი უჟგოროდში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან, პიტერ სიიარტოსთან მოლაპარაკებებზე.

BBC-ის ცნობით, ბანკოვაიაზე შეხვედრაში სამი ადამიანი მონაწილეობდა: ვლადიმერ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

როგორც BBC-ის წყაროები აცხადებენ, შეხვედრა სრულიად მშვიდ ტონში გაიმართა. მალე პრეზიდენტი გადავიდა მის მთავარ თემაზე: მან თქვა, რომ გადაწყვიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება. ზელენსკიმ დასძინა, რომ განკარგულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

კიევის დროით საღამოს ექვსის შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. „ნიუსი“ ორი პარალელური არხით გავრცელდა.

ერთის მხრივ, მას აქტიურად ატრიალებდნენ ანონიმური ტელეგრამის არხები, რომლებიც პრეზიდენტის აპარატთან არიან კავშირში. მართალია პრეზიდენტის ოფისმა  არაერთხელ უარყო მათთან კავშირში, მაგრამ ეს არხები ხშირად პირველები არიან, ვინც ავრცელებს ექსკლუზივებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წიაღიდან და მათი წარმომადგენლები პრეზიდენტის ოფისში დახურულ ბრიფინგებზე არიან მიწვეულნი.

მეორეს მხრივ, ზალუჟნის გადადგომაზე  ინფორმაცია – ასევე საკუთარ წყაროებზე მითითებით – გაავრცელეს ადამიანებმა და არხებმა, რომლებიც ნაკლებად არიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ სიმპათიაში ეჭვმიტანილნი.

რა თქმა უნდა, ამ მესიჯების ტონი სრულიად განსხვავებული იყო. პირველი ჯგუფი აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში საშინელი არაფერი ხდებოდა და  არ იყო საჭირო „ნავის რყევა“ ამ გადადგომასთან დაკავშირებით. მეორე ჯგუფმა კი  განგაში ატეხა და პრეზიდენტის აპარატს ყველანაირი უბედურება უწინასწარმეტყველა.

კიევში საღამოს შვიდის შემდეგ, არაერთმა გავლენიანმა უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ზალუჟნის გადადგომის, როგორც მომხდარი ფაქტის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

19:41 საათზე, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, რაც ამ თემაზე გავრცელდა ინფორმაცია, სამთავრობო უწყებამ ამ საკითხზე პირველი განცხადება გაავრცელა.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩვენ დაუყოვნებლივ ვპასუხობთ ყველას: არა, ეს ასე არ არის“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ლაკონურ შეტყობინებაში.

20:05 საათზე, ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინსკაია პრავდას განუცხადა, რომ „პრეზიდენტს ნამდვილად არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“.

საბოლოოდ, 20:20 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვლადიმერ ზელენსკის ყოველდღიური მიმართვა. მასში არც მთავარსარდალთან შეხვედრაზე იყო საუბარი და არც მისი გადადგომის შესახებ.

მხოლოდ ამ მომენტში გახდა მეტ-ნაკლებად ნათელი, რომ 29 იანვარი არ იქნებოდა ვალერი ზალუჟნის ბოლო სამუშაო დღე.

რაც დანამდვილებით არ ვიცით

ჯერ ერთი, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ახლავე შეეტყობინებინა ზალუჟნისთვის მისი  თანამდებობიდან გადაყენება?

ვლადიმერ ზელენსკის და ვალერი ზალუჟნის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანია აღარ არის საიდუმლო.  BBC-ის თანამოსაუბრეები უკრაინის ძალაუფლების უმაღლეს დერეფნებში აღიარებენ: პრობლემები ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის დაიწყო 2022 წლის აპრილში, როგორც კი რუსული ჯარები კიევიდან გავიდნენ.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ზალუჟნი ოფიციალურად არ არის სამხრეთ უკრაინის თავდაცვის არასათანადო ორგანიზების გამო აღძრული  სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მას ამის შესახებ საუბარი ჰქონდა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლებთან.

ამჟამად პრეზიდენტი უკვე არ იკავებს თავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიმართ მკაცრი, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან. ხოლო საპრეზიდენტო პარტიის დეპუტატი მარიანა ბეზუგლაია, რომელიც ასოცირდება პრეზიდენტის აპარატის უფროსის ფიგურასთან, ღიად აკრიტიკებს გენერალს სოციალურ ქსელებში.

ბეზუგლაია ზალუჟნის წინააღმდეგ. რას ნიშნავს დეპუტატის თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე?

ძნელი სათქმელია, რა იყო ზელენსკის და ზალუჟნის ურთიერთობების მკვეთრი გაციების ძირითადი მიზეზი. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ მიზეზი ეჭვიანობაა ვალერი ზალუჟნის წარმოუდგენლად მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის მიმართ, რომელსაც სოციოლოგები უკვე უწოდებენ ზელენსკის ერთადერთ რეალურ კონკურენტს ჰიპოთეტურ საპრეზიდენტო არჩევნებში. სხვები აღნიშნავენ, რომ გარკვეული მომენტიდან ზალუჟნი და ზელენსკი განსხვავებულად ხედავენ რა ფაზაში შევიდა ომი და როგორ უნდა განვითარდეს იგი შემდგომ.

ნებისმიერ შემთხვევაში,  დასავლური ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, ვლადიმირ ზელენსკი არაერთხელ ძალიან ახლოს იყო გადაყენების გადაწყვეტილებასთან – კანონმდებლობა აძლევს მას უფლებას გამოსცეს განკარგულება ამის შესახებ დამატებითი წარდგინებისა და დასაბუთების გარეშე.

კონკრეტულად რამ აიძულა პრეზიდენტი 29 იანვარს პირადად ეცნობებინა მთავარსარდლისთვის მისი გარდაუვალი გადადგომის შესახებ, ზუსტად უცნობია. ბოლო დროს ფრონტზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.  ომთან დაკავშირებული დიდი სიახლე გასულ კვირას ბელგოროდის მახლობლად რუსული ილ-76-ის ჩამოვარდნა იყო, მაგრამ უკრაინულმა საზოგადოებამ ამ ინციდენტის დეტალები ჯერ კიდევ არ იცის.

ინფორმირებული წყაროების ცნობით,  პრეზიდენტმა ორშაბათს ზალუჟნისთან საუბარში მისი გადადგომის აუცილებლობა გაამართლა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სააგენტოების მთელი სისტემის გადატვირთვის სურვილით. თუმცა, სხვა უსაფრთხოების, სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

The Washington Post წერს, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის თანამდებობიდან  გათავისუფლება ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ უთანხმოების გამო, რომელთა მობილიზებაა საჭირო. გამოცემა, უკრაინის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მთავარსარდალმა შესთავაზა დაახლოებით 500 ათასი ადამიანის მობილიზება, ხოლო ზელენსკიმ ასეთი რიცხვი არაპრაქტიკულად მიიჩნია, უნიფორმის, იარაღისა და საწვრთნელი აღჭურვილობის დეფიციტის, ასევე მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით. The Washington Post იუწყება, რომ ზალუჟნიმ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ უკვე იყო ძალების დეფიციტი მზარდი მსხვერპლის გამო. გარდა ამისა, ქვეყანამ უნდა უპასუხოს 400 ათას ახალ ჯარისკაცს, რომელთა მობილიზებასაც რუსეთი გეგმავს. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, მთავარსარდლის გარდა, მოსალოდნელია მისი გუნდის დათხოვნაც.

რამ შეაფერხა განკარგულება

მეორე კითხვა, რომელზეც პასუხი ჩვენ არ ვიცით, არის ის, თუ რამ შეუშალა ხელი პრეზიდენტის განკარგულების გამოჩენას მას შემდეგ, რაც მან ზალუჟნის საკადრო გადაწყვეტილება პირადად შეატყობინა.

BBC ხელისუფლებაში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით ამ პასუხის ორ ვერსიაზე წერს:

პირველი მათგანის თანახმად, სიტუაციაში ჩაერივნენ კიევის დასავლელი პარტნიორები და გამოხატეს მტკიცე წინააღმდეგობა ზალუჟნის გადადგომაზე.

ამ ვერსიის გამართლება საკმაოდ მარტივად შეიძლება. უკრაინა ახლა მთლიანად დასავლეთის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, უახლოესი დღეები კრიტიკულად გადამწყვეტი იქნება კიევის ევროპული და ამერიკული მხარდაჭერის მრავალმილიარდიანი ტრანშებით უზრუნველყოფის პროცესში.

ამავდროულად, უცხოური მედია იუწყება, რომ დასავლელი ლიდერები დაჟინებით ურჩევენ კიევს სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლას – ანუ, ფაქტობრივად, იმ სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მომხრეა ვალერი ზალუჟნი. მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება, თანაც დასავლეთთან შეუთანხმებლად,  შეიძლებოდა გამხდარიყო ზელენსკის “ვეტოს” მიზეზი ამ გადაწყვეტილებაზე. დასავლეთს  როგორც ჩანს, აქვს საკმარისი ბერკეტები, რომ დაჟინებით დაიცვას  თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

მეორე მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ზალუჟნის გადადგომის შესახებ განკარგულების განხორციელებას, არის ახალი მთავარსარდლის დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა. უკრაინული მედია ამ თანამდებობაზე ორ მთავარ კანდიდატს ასახელებს: საუბარია  დაზვერვის მთავარი სამმართველოს ამჟამინდელ უფროსზე, კირილ ბუდანოვზე და სახმელეთო ჯარების მეთაურზე, ალექსანდრე სირსკის.

“ზელენსკიმ ზალუჟნის შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა, მაგრამ მან უარი თქვა“, –  წერს გამოცემა The Economist.

გამოცემის წყაროების თანახმად, მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილებოდა.

“ზოგიერთს მიაჩნია, რომ მან ბოლო წუთს თქვა უარი ამ სამსახურზე. ახლო კოლეგა ამტკიცებს, რომ გენერალი ბუდანოვს გენერალ ზალუჟნის პოსტზე პრეტენზია არ ქონია,  მაგრამ მას ასევე არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა სამხედრო პოსტზე”, – წერენ ჟურნალისტები.

BBC-ის წყაროები სამხედრო წრეებში ამბობენ, რომ ორივე გენერალს არ სურს ზალუჟნის სავარძლის დაკავება და უარი თქვეს ამ დანიშვნაზე.

BBC-ის თანამოსაუბრეების თქმით,პრობლემა არის ის, რომ ნებისმიერი ახალი მთავარსარდალი ავტომატურად შედარდება ძველ, მეგაპოპულარულ ვალერი ზალუჟნისთან. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 92% ენდობა ზალუჟნის, 60% ენდობა ბუდანოვს და 33% ენდობა სირსკის (თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინელების დაახლოებით ნახევარი მას უბრალოდ არ იცნობს) .

ამავდროულად, არ არსებობს წინაპირობები, რომ ახალმა მთავარსარდალმა – არ აქვს მნიშვნელობა რა გვარი იქნება – ბრძოლის ველზე შთამბეჭდავი შედეგები აჩვენოს ან მიაღწიოს გარღვევას სამხედრო მხარდაჭერის საკითხებში.

ყოველ შემთხვევაში, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ მიაღწიოს რუსეთის არმიაზე გამარჯვებას. და ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს მობილიზაცია. ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. თუმცა, ახალი მთავარსარდლის დანიშვნის ასეთმა გარემოებებმა შესაძლოა მას „პოლიტიკურად დანიშნულის“, „ბანკოვსკის ხელის ბიჭის“ რეპუტაცია დაუმკვიდროს და ეს საკმაოდ გაურთულებს მას ცხოვრებას და საქმიანობას და, სავარაუდოდ, არ გააუმჯობესებს მის მიმართ დამოკიდებულებას უკრაინის არმიის რიგებში.

„[ზალუჟნის] გადადგომის შემთხვევაში, ვინც მის ადგილზე დაინიშნება, ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. იმიტომ რომ პოლიტიკოსების ხელში მორჩილ იარაღად იქნება აღქმული. მისი ოფიცრის გამოცდილება, სამხედრო კვალიფიკაცია და სამხედრო ნიჭი ამ ფაქტორთან შედარებით მეორეხარისხოვანი იქნება. ასიათასობით ფორმაში ჩაცმული ადამიანისთვის ვალერი ზალუჟნი იქნება საკუთარი აზრის, კამათის და საკუთარი პოზიციის დაცვის გამო გათავისუფლებული ადამიანი. და ვინც მას შეცვლის, აღიქმება, როგორც პრეზიდენტის ნების აღმსრულებელი“, – წერდა პაველ კაზარინი, პუბლიცისტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დეკემბერში.

მეორეს მხრივ, წყარომ უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურიდან BBC-ს განუცხადა, რომ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ყველა გენერალი უარს იტყვის პრეზიდენტის უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, დანიშნოს იგი მთავარსარდლად.

„უკრაინაში ომია. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. მისი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს“, – ამბობს ის.

რა მოხდება მომავალში?

 Financial Times საკუთარ  წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზალუჟნის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლებენ. გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, ორშაბათს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს წასვლისკენ მოუწოდა და მას ახალი როლი შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. ამავდროულად, პრეზიდენტმა ზალუჟნის განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ამ ახალ როლს, მას მაინც გაათავისუფლებენ. FT-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ზელენსკიმ გადადგომა ჯერჯერობით  მედიაში ინფორმაციის გაჟონვის გამო გადადო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ზალუჟნის შეცვლამ შესაძლოა „გააღიზიანოს დასავლელი პარტნიორები“ და სავარაუდოდ, ეს მოხდება ომის კრიტიკულ მომენტში.

BBC-ის თანამოსაუბრეები უკრაინის თავდაცვის სექტორიდან ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადადგომა დროის საკითხია.

ზელენსკის და ზალუჟნის შორის წინააღმდეგობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და, როგორც ჩანს, აღარ არის საუბარი მხოლოდ სამხედრო ოპერაციებსა და მათ მომავალზე შეხედულებებს შორის განსხვავებაზე, არამედ ამ, სინამდვილეში, სრულიად განსხვავებულ ადამიანებს შორის წმინდა პიროვნულ წინააღმდეგობებზე და მათ შორის ნდობის ნაკლებობაზე. არადა ნდობა აუცილებელია, რათა უკრაინამ არ წააგოს რუსეთის მიერ დაწყებული ომი.

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, აქვს ასეთი ნაბიჯის გადადგმის უფლება, ეს უფლება მას კანონმდებლობით გარანტირებული აქვს. თუმცა, ახლა ძნელი სათქმელია, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას „ადგილზე“.

როგორ შეძლებს უკრაინის პრეზიდენტი აუხსნას ეს ნაბიჯი უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ უფლება, და მოელიან კიევისგან პროგნოზირებად და გასაგებ ნაბიჯებს სახელმწიფოს მართვაში?

როგორ აღიქვამს უკრაინის საზოგადოება პოპულარული მთავარსარდლის,  გადადგომას? დეკემბრის უკვე ნახსენებმა(  გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 72% არ უჭერს მხარს ზალუჟნის სხვა გენერლით შეცვლას (2% მხარს უჭერს).

სოციოლოგმა ალექსეი ანტიპოვიჩმა დეკემბერში თქვა, რომ ვლადიმერ ზელენსკის მიერ ვალერი ზალუჟნის ჰიპოთეტური გადადგომა „არავითარ შემთხვევაში არ არის თვითმკვლელობა, მაგრამ ეს ნამდვილად დამღუპველი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად უარყოფითი მოქალაქეების მიერ სახელმწიფოში არსებული ვითარების შეფასების თვალსაზრისით. ” ხელისუფლება, ამბობს სოციოლოგი, ამით ნათლად აჩვენებს, რომ ისინი არ არიან ერთიანები, მაგრამ ერთობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ომით გაერთიანებული უკრაინული საზოგადოებისთვის.

ზალუჟნის გადადგომა არ არის მხოლოდ ერთი გენერლის მეორით შეცვლა: ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან არაფორმალური შეთანხმების დარღვევაზე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ასწავლის სამხედროებს ბრძოლას და სამხედროები არ ერევიან პოლიტიკურ საქმეებში. .

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუ ვალერი ზალუჟნი გადადგება, უკრაინელები მაიდანზე გავიდნენ ან  სამხედროები ხელისუფლებას აუჯანყდნენ (თუმცა მოვლენების ასეთი პროგნოზები უხვად იყო ორშაბათს საღამოს რუსეთის ომის მომხრე ტელეგრამ არხებში). თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან დადებითად იმოქმედოს უკრაინის საზოგადოების ზოგად განწყობაზე, და ხელისუფლების მხარდაჭერის ინდიკატორებზე.

BBC წერს, რომ  ორშაბათს პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კონკრეტული შეთავაზება გაუკეთა. მას თითქოს შესთავაზეს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა (კიევი თვეების განმავლობაში არ ნიშნავდა თავის ელჩებს დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში ან, მაგალითად, ჩეხეთში) ან უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა.თუმცა, ზალუჟნიმ უარი თქვა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტებზე.

ბევრი უკრაინელი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თუ ვალერი ზალუჟნი გადადგება, ის ავტომატურად გადაიქცევა პოლიტიკურ მძიმე წონოსნად, ნებისმიერი არჩევნების ფავორიტად.

თავად გენერალი არასოდეს გამოუცხადებია რაიმე პოლიტიკური ამბიციების შესახებ.

ჭორებისა და უარყოფის გაჩენიდან ერთი დღის შემდეგ, მან კომენტარი არ გააკეთა ორშაბათის მოვლენებზე. თუმცა, სამშაბათს ღამით ზალუჟნიმ გამოაქვეყნა სელფი თავის ფეისბუქზე. ფოტოზე ის ზის – როგორც ჩანს, სამუშაო ადგილზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ სერგეი შაპტალას გვერდით. ფოტოზე გამოსახულ გენერლებს ერთნაირი სვიტერები აცვიათ წარწერით “Army Ukraine”.