ზამთრამდე უკრაინული გარღვევის ალბათობა საკმაოდ რეალისტურია –  21 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 21 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

”ბოლო 24 საათია მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხერსონის რაიონში. უკრაინული არმია წინსვლას რამდენიმე მიმართულებით ცდილობს, მაგრამ გარღვევაზე გასვლას ვერ ახერხებს. პიატიხატკისთან რუსულმა არტილერიამ უკრაინული შეტევა ჩაშალა. ჯერჯერობით უკრაინელებმა ვერ მოახერხეს ახლადშექმნილ რუსულ თავდაცვაში სუსტი წერტილის აღმოჩენა ან შექმნა. რუსებს იმდენად დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რომ უკრაინული შეტევა ამ ეტაპზე დიდ გამოწვევას აწყდება. თუმცა იმ ფონზე, რომ უკრაინული არტილერიაც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და რუსებიც დიდწილად ბორნებზე არიან დამოკიდებული, კიდევ ზამთრამდე უკრაინული გარღვევის ალბათობა საკმაოდ რეალისტურია.

– წუხელ უკრაინელებმა ანტონოვის ხიდის ქვეშ შექმნილ რუსულ პონტონურ ხიდზე მიიტანეს იერიში. გარდა იმისა, რომ ხიდი დაზიანდა, მოკლულ იქნა რუსული სამხედრო პროპაგანდისტებიც. ხერსონში კომენდანტის საათი მოქმედებს.

– დონეცკის რაიონში, რუსებმა დღეს ბახმუტის მიმართულებით ორი მხრიდან წამოიწყეს შეტევა. სამხრეთიდან ოპიტნეში შესვლა სცადეს, ხოლო აღმოსავლეთიდან ბახმუტის ინდუსტრიულ რაიონში. ორივე მიმართულებით უკრაინულმა თავდაცვამ გამორჩეულად კარგად იმუშავა. რუსულ რიგებში დიდია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები.

ის ძალა და დრო რაც რუსებმა ბახმუტის მისადგომებთან ბოლო თვეების განმავლობაში დაკარგეს პრაქტიკულად აუნაზღაურებელია. დონბასში რუსული შემტევი ნაწილები პისკის, ავდიივკას, მარიინკასა და ბახმუტის მიმართულებით იყო გადასროლილი, მაგრამ ბახმუტს რუსული რეგულარული არმიისა და სეპარატისტების გარდა შედარებით კარგად აღჭურვილი “ვაგნერიც” უტევს, თუმცა მოუხედავად ამისა, წინსვლა პრაქტიკულად არ აქვთ. ეს, გარდა გამოფიტვისა, სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაცაა მათთვის.

– უკრაინულმა არტილერიამ კვლავ დაბომბა რუსეთის ბელგოროდის რაიონი. იერიშები რუსულ პოზიციებზე ჩვეულ ამბად იქცა. სასაზღვრო პერიმეტრთან არსებული რუსული სოფლები პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისაგან. რუსები ტერიტორიული თავდაცვის რაზმების განვითარებას (ჩანასახოვან მდგომარეობაში ზოგან სცადეს, ისიც საჩვენებლად) სერიოზულად განიხილავენ.

– რუსული არმიის ნაწილები კვლავ ჩივიან საკვებისა და საწვავის დეფიციტზე, ისევე როგორც ოფიცრების უუნარობასა და ზოგად მძიმე მდგომარეობაზე. მობილიზებული რაზმები როგორც მოსალოდნელი იყო ტვირთად დააწვა რუსულ არმიას უკრაინაში. რა თქმა უნდა, მათი საზარბაზნე ხორცად გამოყენება კრემლს სულაც არ აწუხებს, მაგრამ თითოეულ სამხედროს კვება, აღჭურვა და საწვავი უნდა. ეს კი ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

– ევროკავშირი გეგმავს უკრაინას ყოველთვიური 1.5 მილიარდი ევროს ეკონომიკური დახმარება გამოუყოს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის ეკონომიკის მდგრადობისათვის.”-აცხადებს კობერიძე.