ზაპაროჟიეში ოკუპანტები რუსი ჯარისკაცების ცხედრებს საქათმეებში წვავენ – უკრაინა

ზაპაროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, სოფელ კამენკას მახლობლად რუსები ბრძოლაში მოკლული ჯარისკაცების ცხედრებს საქათმეებში წვავენ.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სკოლის შენობა ციხედ აქციეს და მასში დაპატიმრებული ჰყავთ სამხედროები, რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაზე.

„საგუშაგოებზე ამოწმებენ საბუთებს, ავტომობილს, ტელეფონს და პირად ნივთებს, ბოლო დროს ოკუპანტებმა ასევე მოითხოვეს სპეციალური საშვი, რომელიც გაიცემა საოკუპაციო კომენდანტურში“, – აცხადებს ადმინისტრაცია.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ დამპყრობლები აღწერის ჩატარებას გეგმავენ.

გარდა ამისა, ზაპაროჟიეს ადმინისტრაციის ცნობით, რუსები მელიტოპოლში, ავტონაწილების ქარხანაში ცდილობენ სამხედრო წარმოების დაწყებას. ამ მიზნით, რუსმა სამხედროებმა უბრძანეს ყველა მუშას, შეიკრიბონ და წარმოების პროცესი დაიწყონ.