“ზარალი მილიარდიანი იქნება“–სავაჭრო ცენტრების და ბრენდულ მაღაზიათა ქსელების მიმართვა ხელისუფლებას

სავაჭრო ცენტრები და ბრენდული რითეილერები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა, რითეილ გრუპ ჯორჯია, ICR Holding, LC Waikiki GE, თრეიდლაინ – დრესაპ, ჯითექსი.

კერძო სექტორის წარმომადგნელებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

– გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით;
– მოხდეს 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.

ბიზნესი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული დაწესებული შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკას მილიარდ ლარამდე აზარალებს, მინიმუმ 25 ათას სამუშაო ადგილს კი საფრთხის წინაშე დააყენებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს.

კომერციული უძრავი ქონების და რითეილის (საცალო ვაჭრობის) სექტორი საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს, ბიზნეს აქტივობის გენერატორს და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს. ტურისტული ბაზრის კოლაფსით, სასტუმროების და რესტრონების შემდეგ, სწორედ რითეილის და კომერციული უძრავი ქონების სეგმენტმა განიცადა ყველაზე დიდი ზარალი და ფაქტიურად ყველა სავაჭრო ცენტრს და რითეილერს უწევს ფორს-მაჟორში თვითგადარჩენის რეჟიმში ფუნქციონირება.

მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ჩვენ, ჩვენი ძალებით შევძელით შეგვენარჩუნებინა ფუნქციური ბიზნესი და ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა საიჯარო ურთიერთობები სავაჭრო ცენტრებში. როგორც მეიჯარეებს, ასევე მოიჯარეებს, სამი თვის დანაკლისის აღდგენის იმედი გვქონდა წლის ყველაზე დატვირთულ წინასაახალწლო პერიოდში, რაზეც ვაკეთებდით ოპტიმისტურ პროგნოზებს.

• ჩვენს სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 2000–მდე თანამშრომელი (მოლის ადმინიტრაცია, მომსახურება), ხოლო მაღაზიებში პირდაპირ არის დასაქმებული 15000–მდე თანამშრომელი; სავაჭრო ცენტრში არაპირდაპირ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ჩვენ, ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამშრომელთა ამ რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია. ასევე, ამოწურულია ყველა ის ლიმიტი, რაზე გათვლაც გვქონდა ოპერირების აღდგენიდან წლის ბოლომდე. ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს.

• ფაქტიურიად ყველა სავაჭრო ცენტრს და საცალო სავაჭრო ობიექტებს ექმნება მიმდინარე საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა და დღის წესრიგში დგას სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა. სავაჭრო ცენტრის ოპერირების აღდგენას სჭირდება ბევრად მეტი ფინანსური რესურსი და დრო ჩაკეტვის პერიოდში მის მიერ გენერირებადი შესაძლო შემოსავლის ოდენობასთან შედარებით.

მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრები და მათი მოიჯარეები იცავენ ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ყველა რეკომენდაციას. სავაჭრო ცენტრი ერთ–ერთი ყველაზე კარგად დაცული სავაჭრო გარემოა. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ პანდემიის პერიოდში სავაჭრო ცენტრი არ გამხდარა მნიშვნელოვანი ვირუსის გავრცელების წყარო.

მთავრობის მიერ შემოღებულმა სრულმა შეზღუდვამ სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე 28 ნოემბერიდან – 24 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ 3 იანვრიდან – 1 თებერვალმდე, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყანაში მინიმუმ 25 000 სამუშაო ადგილის და ასეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა.

საქართველოს ეკონომიკას და საცალო ვაჭრობის სექტორს ამ პერიოდში მიადგება 1 მილიარდ ლარამდე ზარალი, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს ათი-ათასობით ოჯახს. სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს ასეულობით მილიონ შემოსავალს სხვადასხვა გადასახადების სახით და მნიშვნელოვნად შეარყევს იმ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას, რომლებმაც 500 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს ამ დარგში.

ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, მოვითხოვთ, მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების კორექტირება ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ:

• გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას. სავაჭრო ცენტრები და საცალო სავაჭრო ობიექტები მზად არიან გაზარდონ კოვიდ-უსაფრთხოების ზომები ამ პერიოდში და უზრუნველყონ მომხმარებელთა ნაკადის რეგულირება;

• მოხდეს 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე, მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში, შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.

ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ოპერატიული კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რათა ყველა ჩართულ მხარესთან ერთად განვიხილოთ ზემოთ ნახსენები საკითხი, იმისთვის რომ ერთად გამოვნახოთ შექმნილი კრიზისის მინიმალური დანაკარგებით გადატანის გზები.

ამავდროულად, გვსურს შეხვედრა სახელისუფლებო ბლოკთან და ეპიდემიოლოგებთან, რათა განვიხილოთ რიგი დამატებითი ღონისძიებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ კიდევ უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების ზომებს და განტვირთავენ პიკურ პერიოდებს. მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ღონისძიებების გატარებაზე, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ნაკადების მართვა სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით“,- ნათქვამია განცხადებაში.