უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი „ახალ სამობილიზაციო პროცესებს“ ამზადებს და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, სამშაბათს ოთხი სატელეფონო საუბარი ჰქონდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან (დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, კანადისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან).
„ეს წელი მაშინვე დავიწყეთ იმით, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება – იმ ახალი სამობილიზაციო პროცესების წინ, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ამზადებს – ახლა, ამ მომენტში, პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა.”თქვა ზელენსკიმ.
“ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი პატრონები ყველაფერს, რაც დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეუძლიათ, თავს მოუყრიან და გადმოისვრიან, რათა შეეცადონ ომში სიტუაციის შეცვლას და დამარცხების გადავადებას. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. […] რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას სიკვდილისთვის. ჩვენ კი ვცდილობთ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას სიცოცხლის გულისთვის.“
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსებთან მიმართვისას განაცხადა, რომ კრემლი მობილიზაციის მორიგი ტალღის ამზადებს. მისი თქმით, ქვეყნის მცხოვრებლებს მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით “დაახლოებით ერთი კვირა” რჩებათ.
რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჯარში დაახლოებით 300 ათასი ადამიანის მობილიზების შემდეგ მეორე ტალღა არ იგეგმება. ამავდროულად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი არ მოაწერა მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულებას, რომელიც, ექსპერტების აზრით, რეზერვისტების შემდგომ აყვანის საშუალებას იძლევა ჯარში დამატებითი ფორმალური პროცედურების გარეშე.
კიდევ რა თქვა ზელენსკიმ?
მან მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც უკვე მიღებულია და ჯერ კიდევ მზადდება“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იარაღით მხარდაჭერასაც ეხება. ზელენსკიმ თქვა, რომ „ნორვეგიის როლი შეიძლება მართლაც ისტორიული გახდეს ევროპის დაცვაში“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა ჰქონდა მხედველობაში.
ამასთან, უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „მზადყოფნის გამო უკრაინას ამ ზამთრისთვის საჭირო მოცულობის გაზი მიაწოდოს“.