ზელენსკის თქმით, პუტინი ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ჩართვით, პუტინი შეეცდება  პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები “დააშინოს”.

“ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი დახარჯონ [მშპ-ს წილის სახით თავდაცვაში]. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა. პუტინის ამბიციებით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაგრძელდეს. ის უფრო შორსაც წავა და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს.[…] ეს უბრალოდ მეტი რიტორიკა არ არის. თქვენ დაინახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, [პუტინი] ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებს განალაგებს. და ბევრი ევროპელი და ალბათ აშშ-ც იტყვის, რომ ეს დაშინების [მცდელობაა]. ეს არის პოლონეთის, ლიტვის და სხვა ბალტიისპირელი პარტნიორების დაშინების მცდელობა.[…] თუმცა, ჩემი აზრით, ისინი [ბელარუსი] ომში უკვე ყოფილან, მაგრამ არა მათი ხალხი ან არმია. ჯერჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ძალიან სურს. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევაჩეროთ”. – თქვა პრეზიდენტმა.