“ზელენსკის მთავრობა ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს“–მოსკოვში მყოფი ირმა ინაშვილი

მოსკოვში მყოფი პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი ვერ ააცილა ცდილობს ომში საქართველოც ჩაითრიოს. ის ამბობს, რომ ახლა რუსეთთან ლაპარაკის დროა:

“ომი საშინელებაა. ომი ტრაგედიაა. ომში, როგორც წესი, ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება. ისევ ვამბობ: შეძრული და დამწუხრებული ვართ, უკრაინის ტრაგედიის გამო და ისევ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში იგივე ტრაგედია არ უნდა განმეორდეს საქართველოში.

ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი საქართველოს მეგობრად. ყოვედღიურად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველო როგორმე ჩაებას რუსეთთან კონფლიქტში. ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან იმგვარი განცხადებები კეთდება, რომ ეს არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არც კორექტული და არც ობიექტური. რა კონტრაბანდული იარაღი?! ხომ ყველას ესმის, რომ საქართველოდან არაფერი მსგავსი არ ხდება! საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა,- ეს ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა, რასაც აკეთებს უკრაინის მთავრობა. მეორე ფრონტი საქართველოზე არ უნდა გაიხსნას. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. მე სრულიად ვიზიარებ უნგრეთის ხელისუფლების პოზიციას. კონკრეტულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების პათოსს, რომ უნგრეთი იცავს მისი ხალხის ინტერესს და რომ უკრაინის ომი მათი ომი არაა.

ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე. ახლა რომ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, ორი თვის წინ რომ იგივე ეთქვა, უკრაინა ომს აცდებოდა. ამდენი მსხვერპლი, ნგრევა, ამხელა უბედურება არ იქნებოდა და ჩვენ ასეთ ტრაგედიას უნდა ავაცილოთ ჩვენი ქვეყანა.
რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება, მითუმეტეს ახლა, როცა უკრაინა ომშიაო- ეს ნაცმოძრაობის ბოროტი პროპაგანდაა. ნაცმოძრაობას ომში ჩვენი ჩათრევა სურს და ალბათ, ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს. ეს არ უნდა დავუშვათ! ეს არ უნდა დავუშვათ!!!

გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც… და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც.

და სწორედ ახლა უნდა ველაპარაკოთ, შოლცის და მაკრონის პარალელურად, რომ ომს და უბედურებას ავცდეთ. ახლა უნდა ველაპარაკოთ, რომ მერე გვიან არ იყოს! ამიტომ ნუ ავყვებით ნაცმოძრაობას და მის პარტნიორ ზელენკის მთავრობას, რომელიც თავად რუსეთთან ლაპარაკობს, ჩვენ კი, ომში გვითრევს.

ვიმეორებ: არანაირი იარაღი საქართველოდან რუსეთში არ შედის. ეს სისულელეა. რა უნდა ვამტკიცოთ… მაგრამ საქართველოს მთავრობა ახლა იმკის თავისსავე დათესილ სააკაშვილების დაუსჯელობას.“– წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში შეხვედრებს მართავს. მათთან ერთად არის რუსეთის ჯავახკური დიასპორის პრეზიდენტი აგასი არაბიანი

რუსეთში ვიზიტის ამსახველი ფოტოები და მასალა 4 აპრილს რუსეთის ფედერაციის საბჭომ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს მათი “მოღვაწეობის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას რუსეთის ფედერაციის საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.

“ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა”.- ამბობს ჯაბანოვი.

მათივე ცნობით, პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია და საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების მომხრეა.