ზელენსკის ოფისი პასუხობს ბრალდებებს, რომ უკრაინა დასავლური იარაღით ვაჭრობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხეილ პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსები უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობენ, რათა ქვეყანაში დასავლური იარაღის მიწოდება შეფერხდეს.

“უკრაინაში იარაღის  ყველა სახეობა, მათ შორის შორსმსროლელი, მკაცრ აღრიცხვას ექვემდებარება და ფრონტზე იგზავნება. უკრაინისთვის იარაღი გადარჩენის საკითხია. მასზე კონტროლი – ჩვენი პრიორიტეტი. ყველა “ჭორი“ სხვა დანარჩენის შესახებ ბანალური რუსული პროპაგანდისტული “გაჟონვებია“, რომლის მიზანი იარაღის მოწოდების ჩაშლაა“–თქვა პოდოლიაკმა.

ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო, რომელმაც თქვა, რომ არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა იმ ჭორების გავრცელებით, თითქოს ის იარაღის და ნარკოტიკის კონტრაბანდას მფარველობს. მარჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ ამ ინფორმაციის “გაჟონვა“ რუსეთის მიერ არის ინსპირირებული.

“როგორც ჩანს, ყველა ნარკოტიკს რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობა აკონტროლებს, რადგან ისინი განაგრძობენ ასეთი საეჭვო შინაარსის ინფორმაციის “გაჟონვას“. ოლქის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის ყველა მცდელობა ოკუპანტების მიერ იაფფასიანად და საცოდავად გამოიყურება“–თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა ევროკავშირის ქვეყნების, ასევე უკრაინის და მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მოლდოვას ტერიტორიაზე ჰაბის შექმნის საკითხი, რომლის ამოცანა უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის მცდელობების აღვეთა. ევროპელების შიში უკავშირდება ყოფილ იუგოსლავიაში ომის გამოცდილებას, რომლის შედეგად ევროკავშირი უკანონო იარაღმა წალეკა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის მიერ გამოიყენება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ს და ზოგიერთ ექსპერტს აწუხებს საკითხი, როგორ იქნება გამოყენებული უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი, მათ შორის სტინგერები, რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება შეიძლება. დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ იარაღი შეიძლება ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.