ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ქვეყნის, დაახლოებით, 20%-ის ოკუპაცია მოახდინა – გასათავისუფლებელია 2 603 დასახლებული პუნქტი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ქვეყნის, დაახლოებით, 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათავისუფლებელია 2 603 დასახლებული პუნქტი.

„ევროპული სახელმწიფოების უმეტესობისთვის ომის მსგავსი მასშტაბი უკვე იქნებოდა კოლოსალური, მაგრამ 24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ მისთვის ეს საერთოდ არ არის მასშტაბი. რუსეთმა აჩვენა, რომ მისი სისასტიკე გაცილებით მეტია. რუსული ჯარი შევიდა უკრაინის 3 620 დასახლებულ პუნქტში. 1017 მათგანის გათავისუფლება უკვე მოხერხდა, კიდევ 2 603 უნდა გავათავისუფლოთ. დღევანდელი მდგომარეობით ოკუპანტების კონტროლის ქვეშ ჩვენი ტერიტორიის, დაახლოებით, 20%-ია, თითქმის 125 ათასი კვადრატული კილომეტრია. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენელუქსის ქვეყნების ერთად აღებული ფართობი.თითქმის 12 მილიონი უკრაინელი გახდა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი. 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა, პირველ რიგში, ქალებმა და ბავშვებმა ქვეყანა დატოვეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბრძოლა უდიდეს ტერიტორიაზე, ხარკოვიდან მიკოლაევამდე გრძელდება.

„პირდაპირ მათ შორის 450 კილომეტრია, მაგრამ რომ შევხედოთ ფრონტის მთელ ხაზს და ის არ არის პირდაპირი, ეს ხაზი 1000 კილომეტრზე მეტია“,- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.