უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სარაკეტო თავდაცვის სისტემების, კერძოდ კი “რკინის გუმბათის” მიყიდვის თხოვნით ისრაელს მიმართა. ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტის, ქნესეთისადმი მიმართვაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისრაელის გადაწყვეტილება, არ მიჰყიდოს უკრაინას მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა.
- “ყველამ იცის, რომ თქვენი სარაკეტო თავდაცვის სისტემები საუკეთესოა… და რომ თქვენ დანამდვილებით შეგიძლიათ ჩვენს ხალხს დაეხმაროთ, იხსნათ უკრაინელთა სიცოცხლე, უკრაინელი ებრაელების სიცოცხლე. ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ, რატომ ვერ მივიღებთ თქვენგან იარაღს, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს მკაცრი სანქციები ან რატომ არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევანი თქვენზეა, ძმებო და დებო და მოგიწევთ იცხოვროთ თქვენი პასუხით.” – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერები, უკრაინელების მიმართ იმავე ტერმინს იყენებენ,რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდისას, ნაცისტური გეგმისთვის ჰიტლერი იყენებდა.
- „ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს სამყაროში, ეძებს ადგილს, ისევე როგორც თქვენ ადრე… ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ დარჩნენ ცოცხალი და მშვიდობიანად. ზუსტად ის, რასაც ეძებდით. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის სამხედრო ოპერაცია, როგორც ეს მოსკოვშია წარმოდგენილი. ეს არის ყოვლისმომცველი ომი, არალეგიტიმური, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი კულტურისა და ჩვენი შვილების განადგურებას. ყველაფერი, რაც უკრაინელებს უკრაინელებად აქცევს. რუსები ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას იყენებენ, ყველაფრის დანგრევა უნდათ. ნაცისტებმა ამას უწოდეს „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“, ახლა კი მოსკოვში ამ სიტყვებს იყენებენ, „საბოლოო გადაწყვეტა“. მაგრამ ახლა ეს ჩვენსა და უკრაინის საკითხის წინააღმდეგაა მიმართული“ – უთხრა ისრაელის კანონმდებლებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თავადაც ებრაელია.
ანტისარაკეტო სისტემა “რკინის გუმბათი,” რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებსა და რადარებს აერთიანებს. რადარი ირჩევს ობიექტს, როგორიცაა რაკეტა, ამ ინფორმაციას გადასცემს ანტისარაკეტო რაკეტის გამშვებს, ის კი გამომთვლელი პუნქტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიხვდება, რა სიჩქარითა და ტრაექტორიით უნდა იფრინოს. სამიზნესთან მიახლოებისას კი რკინის გუმბათის რაკეტა ფეთქდება.