ზელენსკი: კოალიციის მონაწილეებს ერთნაირი ხედვა აქვთ, რომ რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს

უკრაინის პრეზიდენტმა შეაჯამა „მსურველთა კოალიციის“ სხდომის შედეგები, რომელიც პარიზში გაიმართა.

„დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. დავაკოორდინეთ პოზიციები და განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტები. მადლობას ვუხდი ყველას იმის გაგებისთვის, რომ უსაფრთხოების მთავარ გარანტად მაინც ძლიერი უკრაინული არმია რჩება.

არსებობს ერთიანი ხედვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად გააჭიანუროს მოლაპარაკების პროცესი და გააგრძელოს ომი. საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება. ამჟამად მზადდება ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტი. ასევე სასანქციო ნაბიჯებზე მუშაობს იაპონია.“

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაწევის მზადყოფნისთვის.

პარიზში „მოსურვილთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულების შემდეგ უახლოეს პერიოდში გაიმართება სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00-ზე (ლონდონის დროით – 13:00, კიევის დროით – 15:00). გამოცემის ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობას არ მიიღებს კოალიციის ყველა წევრი, არამედ მხოლოდ ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში იმყოფებოდნენ.

უკრაინის მოკავშირეებმა პარიზში განიხილეს  მისი უსაფრთხოების მომავალი გარანტიები. იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ შეძლებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებას ომის დასრულების შემდეგ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც გუშინ პარიზში მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, განაცხადა, რომ ევროპა მზად იქნება „უკრაინასა და უკრაინელებს შესთავაზოს უსაფრთხოების გარანტიები იმ დღეს, როდესაც მოეწერება ხელი მშვიდობას“.

„მსურველთა  კოალიციის“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „მოსურვილთა კოალიციას“) სხდომაში, რომელსაც მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ხელმძღვანელობდნენ  შერეულ ფორმატში — ადგილზე და ვიდეოკავშირის საშუალებით — 35 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ გეგმებზე მუშაობდნენ აგვისტოს შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდნენ. მისი თქმით, ეს მკაცრად კონფიდენციალური გეგმები ოთხშაბათს უკვე დამტკიცდა თავდაცვის მინისტრების დონეზე.