ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე – პრემიერის თანამდებობას სთავაზობს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ზელენსკის გუნდი მთავრობაში თანამდებობას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა liga.net წერს და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობასაც, რომელიც, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიკავოს: ვიცეპრემიერი რეფორმების კუთხით.

გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში, ჯერჯერობით კი თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

იგივეს წერს გამოცემა “украинская правда“, რომლის  ინფორმაციით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შესაძლოა უკრეინის ვიცე პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხში.

გამოცემა ინფორმაციას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ წევრ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით ფრაქციაში სააკაშვილის საკითხი აქტიურად განიხილება.

უკრაინული გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი უმაღლესმა რადამ შესაძლოა უკვე პარასკევს განიხილოს.

სააკაშვილის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა დაადასტურა. სააკაშვილის პრესსამსახურში გამოცემას დაუდასტურეს, რომ მან ვიცე პრემიერობის წინადადება მიღო, თუმცა სხვა კომენტარზე უარი თქვეს.

გამოცემას საკუთარი წყაროს კომენტარი მოყავს: “სააკაშვილი რეფორმების საკითხებში იქნება ვიცე პრემიერი. ახლა ამ საკითხს განვიხილავთ, რომ დეპუტატების განწყობა გავიგოთ, იმიტომ რომ ამ საკითხს მათ უნდა მისცენ ხმა. “

კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მალე ფრაქციის სხდომა გაიმართება, სადაც სააკაშვილსაც მიიწვევენ და მას შეკითხვებს დაუსვამენ.