ევროპელ ლიდერებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მშვიდობისკენ სავალი გზა უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელ X-ში.
„და თუ რუსეთს ეს არ სურს, მაშინ მასზე ძლიერი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, სანამ არ მოისურვებს. მოსკოვს მხოლოდ ერთი ენა ესმის“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა სრულმასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმების ყველა ასპექტის განხილვა.
„ცეცხლის შეწყვეტა უკვე შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ამას ხელი შეუშალოს“, — დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიცრუეში დაადანაშაულა — როგორც კურსკის ოლქში არსებული ვითარების, ასევე შესაძლო ზავის პირობების შესრულებაზე კონტროლის სირთულეების შესახებ.
„რეალურად, ყველაფერი შეიძლება გაკონტროლდეს, და ჩვენ ეს საკითხი ამერიკელებთან განვიხილეთ. სიმართლე ისაა, რომ პუტინი ომს თითქმის ერთი კვირაა აჭიანურებს ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ამიტომ, მისი თქმით, „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არამხოლოდ უნდა დარჩეს ძალაში, არამედ მუდმივად უნდა გამკაცრდეს“.
ევროკავშირმა 14 მარტს, პარასკევს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწია, დაძლია რა უნგრეთის ვეტო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დანიშნა დელეგაციის შემადგენლობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის
ზელენსკიმ დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრი ერმაკი დანიშნა. ამის შესახებ აღნიშნულია ზელენსკის განკარგულებაში.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შევიდნენ:
- ანდრი სიბიგა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი,
- რუსტემ უმეროვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრი,
- პაველ პალისა – პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე.
პაველ პალისა დელეგაციის ყველაზე ნაკლებად საჯარო წევრია.
პაველ პალისა — უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) კარიერული ოფიცერია, რომელსაც 20 წელზე მეტი სამხედრო გამოცდილება აქვს. დაიბადა ლვოვის რეგიონში სამხედრო ოჯახში, განათლება მიიღო უკრაინასა და აშშ-ში. 2023-24 წლებში ხელმძღვანელობდა 93-ე მექანიზირებულ ბრიგადას „ხოლოდნი იარ“, რომელიც უკრაინის არმიის ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად ითვლება.
პალისას კარიერულ ცვლილებებზე საუბარი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის დასაწყისში ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. 2024 წლის ნოემბერში პალისა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
„მჭირდებოდა ზუსტად ასეთი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად უშუალოდ ფრონტიდან მიღებულ ინფორმაციას ფლობს“, — ასე განმარტა ეს საკადრო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, პალისა უკრაინაში მობილიზაციისა და სამხედრო განათლების საკითხებითაც იყო დაკავებული.
პალისა თავის ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ უკრაინა უნდა დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ ძალებს და არ გაითვალისწინოს, ვინ არის აშშ-ის ან სხვა ქვეყნის პრეზიდენტი.
„მშვიდობა და გამარჯვება სხვადასხვა რამაა… ბოლო გასროლის შემდეგ ამ ომში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, რომ ნამდვილი გამარჯვება მიღწეულ იქნას. მე ვგულისხმობ ძლიერ უკრაინას, მძლავრი უსაფრთხოების სისტემით, მაღალი მზადყოფნის არმიით და განვითარებადი საზოგადოებით“, — მიიჩნევს პალისა.