ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები 1991 წლის საზღვრებს მიაღწევენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ირიბად დაადასტურა ის, რაც გუშინ The Washington Post-ში დაიწერა:

Washington Post: CIA-ს დირექტორი ფარულად გაემგზავრა უკრაინაში, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა განეხილა

კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ 1991 წლის საზღვრებს.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: უკრაინა მზად იქნება დიპლომატიის ამა თუ იმ ფორმატისთვის, როდესაც ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ჩვენს საზღვრებზე. ჩვენს რეალურ საზღვრებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ციტირებს RBC-Ukraine ზელენსკის.

The Washington Post, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ რუსეთთან ზავის შესახებ მოლაპარაკების იდეა ცოტა ხნის წინ კიევში CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს წარუდგინეს.

ის , რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები რეალურად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება ექნება, შაბათს კიდევ ერთხელ თქვა ზელენსკიმ.

ერთი დღით ადრე, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უფრო ნელია, ვიდრე  მოსალოდნელი იყო, მაგრამ პროგრესი სტაბილურად იზრდება.