ზელენსკი: რუსეთი მზად არის შემოჭრისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად მზად არის.  მისი თქმით, ეს საფრთხე რეალურია. ამის შესახებ ზელენსკიმ დონბასში ჩასვლის შემდეგ, CNN-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

“რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის შესაძლო შემოჭრის შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია. ჩვენ ეს ვიცით: 2014 წლიდან ეს შესაძლოა ყოველ დღე განხორციელდეს. რუსეთი მზად არის, თუმცა ჩვენც მზად ვართ, რადგან რომ ეს ჩვენი მიწა და ჩვენი ტერიტორიაა,” – თქვა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, აშშ უკრაინის “კარგი მეგობარია”, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად.

“თუ ისინი [აშშ] ხედავს უკრაინას NATO-ში, მათ ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადონ და გააკეთონ ეს. არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიტყვებით”,– აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. რუსეთი უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკასა და სამხედრო ძალას კრებს.

უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის მიხედვით, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. გარდაიცვალა უკრაინის რამდენიმე ჯარისკაცი.

ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა მათი ნატოში გაწევრიანებაა, ამიტომ წევრ ქვეყნებს ამის განხილვისკენ მოუწოდებს.