სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს თხოვა, კანონიერი ქურდი 10 დღით ქვეყანაში შემოეშვათ.
ჩუბინიძემ მას უპასუხა, რომ ეს საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პრეროგატივაა.
“პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს აცნობა, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ვახტანგ (ვატო) ყიფიანის საქართველოში მცხოვრებ მშობლებს გააჩნიათ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დაინტერესდა რამდენადაა შესაძლებელი მათ მოსანახულებლად, დაახლოებით ათი დღით ვ. ყიფიანს სახელმწიფომ დართოს საქართველოში შემოსვლის ნება. ხსენებულზე ა. ჩუბინიძემ გ. ზვიადაძეს განუმარტა, რომ მოცემული საკითხი არის არა მისი, არამედ შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის პრეროგატივა”,- წერია ფაილებში.
სავარაუდოდ ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციაში არ წერია, დაუკავშირდა თუ არა ზვიადაძე საბანაძეს.