ზვიდაურის გირაოთი გათავისუფლებას პროკურატურა “გაუგებარს” უწოდებს

საქართველოს პროკურატურა ეხმიანება თელავის რაიონულ სასამართლოდან ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას და მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას “გაუგებარს უწოდებს”.

“საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან.

მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში”,– აცხადებს უწყება.

მათივე შეფასებით, მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.

შეგახსენებთ, რომ ზვიადაურს ბრალი ედება განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ჯანგირაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.