ზოგიერთი ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებს – გახარია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული“.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებენ და ინტერპრეტირების სივრცეები არ უნდა არსებობდეს.

„გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი მაშინ, როდესაც შსს მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ამას ვაკეთებდი შს სამინისტროში. სისტემური განახლება რაც იყო, იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება.

სხვა რამე ვთქვი და ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ ისევე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ზოგიერთი ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის და ეს ინტერპრეტირების საშუალება რომ არ მივცეთ, ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს ინტერპრეტირებისთვის“, – აცხადებს პრემიერი.