ზოგიერთმა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალიან ცხელი წყალი დალია და დამწვრობა მიიღო – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ამ ხერხს ნუ მიმართავენ.

“ბუნებრივია ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის”, — თქვა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდების დროს ცეცხლი გაუჩნდა.

,,ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი გაუჩნდათ და მიიღეს დამწვრობა. ამასაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ”, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ინფექციონისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, სახლში დარჩნენ და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავოთ, ადუღებული წყლის დალევა მათ რეკომენდაციებში არ შედის.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევა დასტურდება, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.