“ზოგჯერ,ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება, წვიმას ისეთ დროს მოგვივლენს, როდესაც აბსოლუტურად არ იყო საჭირო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან უწყებად დასახელების შესახებ განუცხადა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავეცნობით. თუ მართლა ასე თქვეს, მათ გასაგონად ვამბობ, რომ სუს-ი არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ძალოვანი შემადგენელი ნაწილი, ასევე საარჩევნო კამპანიის მთავარი მოტორი და ის, რითაც „ქართული ოცნება“ ატარებს არჩევნებს და რომლის მთავარი შინაარსია – მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ივანიშვილის ფულის გამოყენება. სუს-ს საკუთარი ფინანსური, ადმინისტრაციული საკადრო რესურსების 90 პროცენტი მიმართული აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და თვალთვალისკენ და არა იმისკენ, რომ ჯაშუშებს ებრძოდნენ. სუს-მა რვა წლის განმავლობაში რომელი ერთი ჯაშუში გამოავლინა? ერთი გვარი დამისახელეთ, ან მინიშნება გააკეთეთ და ვიტყვი, სუს-ი საქმიანობის 90 პროცენტს კი არ ახმარს პოლიტიკურ საქმიანობას, არამედ 89-ს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.