“სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში” – აცხადებს ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი.
“გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში, დღეს შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ დარბევებზე, მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.
სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად.
დღევანდელი ქმედებით გრძელდება წინა კვირას გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები, ფართოვდება აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სექტემბერში დაწესებული სანქციები, რომელიც თანხვედრაშია დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მტკიცედ ვართ განწყობილი, დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანება 13818-ის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულებათა აქტს და მიმართულია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩამდენ პირებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზი. სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების დაწესების ზომები მიღებულია 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის საფუძველზე, საიმიგრაციო და ეროვნულობის აქტის 212(a)(3)(C) მუხლის შესაბამისად”, – განაცხადა ამის შესახებ მეთიუ მილერმა.