ზუგდიდის ყოფილი მერი, გიორგი შენგელია გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ, პოლიტიკურ პარტიას, რათა პროფესიონალების გუნდთან ერთად ვიშრომო უკეთესი, ძლიერი საქართველოსთვის“, – წერს შენგელია და განმარტავს, რომ მისთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა.
“ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი ზუგდიდი და როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე.
ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.
სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და მოვუწოდო, კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის”,– წერს ის.
შენგელია თანამდებობიდან 2021 წლის 17 მაისს გადადგა.