35 წლის ქალი ჩვილის მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. შემთხვევა ზუგდიდში ორი დღის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალი რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ორსულობას მალავდა.
ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როცა შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, ჩვილი კი გამქრალი.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ჩვენებაში ქალი ამბობს, რომ ჩვილი დაბადების პროცესში გაეგუდა, ან გაგუდული დაიბადა. მისივე ჩვენებით, ჩვილის გაჩენის შესახებ ბავშვის მამას შეატყობინა, რომელმაც ძველ ტანსაცმელში გახვეული ჩვილის ცხედარი სოფლის ტყეში, ე.წ. კომპლექსის ნანგრევებში ჩამარხა. ოჯახი ჩვილის მკვლელობაში თანამონაწილედ მამასაც მიიჩნევს და მის დაკავებას ითხოვს.
ჩვილის მამა ამ დრომდე დაკავებული არ არის. მან გამოკითხვისას პოლიციას ჩვილის ცხედრის ადგილსამყოფელი მიუთითა. სამართალდამცველებმა ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მამას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვს წარდგენილი. მისი ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს.
გამოძიება 112- ე მუხლით მიმდინარეობს. ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ჩვილის გარდაცვალების მიზეზი, სწორედ ექსპერტიზის დასკვნა გადაწყვეტს, დააკავებენ თუ არა ჩვილის მკვლელობის ბრალდებით ბავშვის ბიოლოგიურ მამას, რომელსაც ამ დროისთვის ყველა დოკუმენტი ჩამორთმეული აქვს, ბრალი წარდგენილი აქვს და ქვეყნიდან გასვლა გამოძიების დასრულებამდე ეკრძალება.