ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15-16 წლის ბიჭს ეძებენ. სპეციალური ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა “ლაივპრესს” უთხრეს, ბიჭი საქონელს მიერეკებოდა, რა დროსაც მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე უნდა გადასულიყო, სადაც პატარა დინებაა, თუმცა წვიმების შედეგად დღეს ამ მონაკვეთზე წყლის დონე მომატებულია.
მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მოზარდი მდინარეს გაუყვა, ამის მერე კი მისი კვალი იკარგება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბიჭი მეორე ნაპირზე მყოფი ძროხის გადმორეკვას ცდილობდა, რა დროსაც მდინარე ადიდდა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ძებნის პროცესს ადიდებული მდინარე ართულებს.