შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის შემდეგ კი ის უგონო მდგომარეობაში ნახეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.
შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- აცხადებს შსს.
დღეს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და 236-ე მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.