დღეს, 31 მარტს არის ეროვნული თანხმობის, დამოუკიდებლობის აღდგენისა და დაცვის სიმბოლური დღე.
ჩვენს დამოუკიდებლობას კვლავ იგივე მტერი, საბჭოთა სტალინისტურ-კომუნისტური რუსეთის მემკვიდრე პუტინის ტირანია ემუქრება და თან მტერს ჩვენივე დე ფაქტო მთავრობა ეხმარება.
ამ დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტმა კვლავ გამოასხივოს ძალა და დაანახოს როგორც მომხრეებს, ისე სკეპტიკოსებს და რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ ის კვლავ მასშტაბურია, მისი მითხოვნები კი უცვლელი – პოლიტპატიმრების განთავისუფლება, მთავრობის გადადგომა, თავისუფალი არჩევნები.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ არის საკმარისად მორყეული, ის კვლავ მძიმე წნეხს განიცდის – პროტესტი უწყვეტად გრძელდება, რეჟიმი კი შიდა მორალურ და გარე დიპლომატიურ იზოლაციაშია – ამ ვითარებაში 31 მარტის აქცია დამატებითი დარტყმა იქნება ქართული ოცნებისთვის და ახალი საწვავი პროტესტის გაგრძელებისა და გაფართოებისთვის.
ამავდროულად, ძალიან საზიანოა იმგვარი მოლოდინების შექმნა, როგორსაც ამ დღესთან დაკავშირებით ოპოზიციური მედიის ნაწილი (განსაკუთრებით, დღეის მდგომარეობით ყველაზე მსხვილი კრიტიკული ტელევიზია, ტვ პირველი), პოლიტიკური კლასის და სოცმედიის აქტიური სპიკერების ნაწილი ქმნიან – რომ გარდამტეხი სიახლე უნდა გამოცხადდეს და თუ ეს არ მოხდა, შეკრება ამაო იქნება.
სინამდვილეში, პირიქით, არარეალისტური მოლოდინების შექმნა მხოლოდ ივანიშვილის პროპაგანდას დაეხმარება.
ამასთან, საზიანოა პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
რა თქმა უნდა, მისი რამდენიმე წლის წინანდელი გამონათქვამები და პოზიციები 2008 წლის რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით ჩემთვის იყო და არის, რბილად რომ ვთქვა, კატეგორიულად მიუღებელი.
ოღონდ, ვინც აქამდე თვლიდა, რომ უფრო დიდი საფრთხე გვაერთიანებს და წარსული პრინციპული უთანხმოების მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთია, ვისაც პროტესტის სახელით საუბრის ლეგიტიმაცია აქვს შინ და განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, მათგან ახლა ამ საკითხის წითელ ხაზად გამოცხადება არათანმიმდევრული და არალოგიკურია.
განსაკუთრებით, იმ პოლოტიკური წრის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლის ზოგიერთი სპიკერიც ზურაბიშვილს თამარ მეფეს ადარებდა ცოტა ხნის წინ – ამ კამპანიაში სწორედ პოლიტპატიმარ სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან აფილირებული სპიკერები აქტიურობენ;
როგორიც არ უნდა იყოს მათი მოტივაცია, გულწრფელი ბრაზი, თუ სხვაგვარი პოლიტიკური გამორჩენა, ერთი რამ ცალსახაა – ეს პროტესტის ამოცანებისთვის მხოლოდ დამაზიანებელია.
31 მარტის ისტორიულ რეფერენდუმთან დაკავშირებით პარლამენტთან შევიკრიბებით, იმედია, ისეთივე ერთსულოვნებით, როგორიც 34 წლის წინ ვაჩვენეთ ამ დღეს.