ზურაბიშვილი ელჩებს: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, საქართველოში რთული სიტუაციაა

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. დახურულ შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა და საერთაშორისო პარტნიორებს „ქართული ოცნების“ შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო ბოდიში მოუხადა. პრეზიდენტი არ მოერიდა ივანიშვილის კრიტიკასაც და მის გამოსვლას „ოცნების“ თავყრილობაზე პროვოკაციული უწოდა.

“ვხედავთ თავდასხმებს ჩვენს პარტნიორებზე და აქვე მსურს გითხრათ ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლებიც თქვენი და თქვენი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს. ქვეყნების, რომლებიც 30 წელზე მეტია ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტრუქტურას მხარს უჭერენ. ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები ცოტათი პროვოკაციულია. ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე.“– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი კონსტიტუციაზე თავდასხმად აფასებს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს და რუსულ კანონს ევროინტეგრაციის გეგმებთან შეუთავსებელს უწოდებს. მისივე თქმით, რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ ყველაფერზე პასუხიმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება.

“პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას დეკემბერში. რომელიც ასევე სრულად იყო გაერთიანებული, როდესაც ჩვენი ფეხბურთის გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და სრულიად მოულოდნელად საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა ძალიან პროვოკაციული კანონი უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით უკვე მეორედ. მათ ასევე დააინიცირეს მთელი რიგი კანონებისა, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით ვეტოს ვადებ, რაც ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შევასრულოთ თუ გვსურს ვიხილოთ მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოს.“–თქვა ზურაბიშვილმა.

ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდებს „სატანისტებს“ არ უნდა ეძახდეს.