საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს, რომელზეც ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიები მიიწვია. ღონისძიებაზე ოპოზიციიდან მხოლოდ “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი მივიდა, რასაც ზურაბიშვილი გამოეხმაურა:
“მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, ვინც მობრძანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოკიდებლობის და ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ როცა ნაწილი ამ პარტიების თუნდაც ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს, რომ ისეთი დამოკიდებლები არ არიან, როგორსაც ვისურვებდით, რომ იყვნენ”,- ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს მედიატორის როლი, როცა დარბაზში ცარიელი სკამებია.
“მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების. არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხო პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის… და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. ძალიან ძნელი წარმოსადგენელი არის, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამები არის”,- განაცხადა პრეზიდენტმა.