სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმომწერების რაოდენობა ნელ–ნელა იზრდება, ამიტომ, იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში მასზე ყველა პარლამენტარის ხელმოწერა იქნება.
პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმების შედეგად საზოგადოებამ ამოისუნთქა.
„ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის. ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც არის თქვენი, თქვენი წარმომადგენლის და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის.
რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილ ვიტყოდი – გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, ასევე, შეურაცხყოფილიც, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით, რომ იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს მისთვის გამარჯვების დღეა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.