ზურაბიშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ, მან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ამის შესახებ დღეს გაიგზავნა წერილი მთავრობასთან, თბილისის მერთან და იმ მინისტრებთან, რომლებიც არიან ამაზე პასუხისმგებელი, იმისთვის, რომ 100 წლის თავზე, ჩვენ შევქმნათ მრავალი მემორიალი ვაკის პარკში, სადაც დღეს მიმდინარეობს რეაბილიტაცია, იმისთვის, რომ იქ ყველასთვის, ვინც იბრძოდა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ფორმით საქართველოს დამოკიდებლობისთვის, იყოს ადგილი განკუთვნილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს, რომ მათ პატივი მიაგოს, სადაც საშუალება გვექნება, რომ ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვასწავლოთ სწორედ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია და როცა ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად, რადგან რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან და რაც ხდება პრაქტიკულად, სამწუხაროდ, ყოველ წელს, არის, მგონი, სრულიად მიუღებელი. ეს არ არის ფორმა, როგორც უნდა მივაგებდეთ პატივს და ამიტომ, უფრო შესაფერისი ადგილი და ფორმა უნდა მოინახოს ამისთვის,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.