“ზურაბიშვილმა და მარგვგელაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია”- ამის შესახებ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მისმა ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოიტანა. წერილში სააკაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს მადლობას უხდის შეხვედრისთვის და ასევე აღნიშნავს რომ კვლავ მომხრეა სამი პრეზიდენტის შეხვედრისა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ მსგავსი შეხვედრა შედგება, ის სალომე ზურაბიშვილს შეწყალებას არ სთხოვს.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული, პოლიტიკური განსხვავებებისა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას და მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი თუ რის გამო: ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია რომ მან, ბევრისგან განსხვავებით არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს და დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. ასევე ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად თამამად და ზუსტად გამოთქვამს ის იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი. არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ მან ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარ თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ – სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგვგელაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია. ამიტომ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როცა როგორც ნიკა მელიამ დღეს თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას და ეს გიორგისთან განვიხილეთ, სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პირადი თხოვნების, განსაკუთრებით შეწყალების თაობაზე, გარეშე. ასევე მე და გიორგი, ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას, მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.