ორშაბათი, 20 მაისი , 2024, 15:37

ზურაბიშვილმა პირადი დანაზოგიდან ევროპაში ვიზიტებისთვის 48 217 ლარი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა,  ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად, რომლებზეც პრეზიდენტს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, პირადი დანაზოგიდან 48 217 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის მიერ 2024 წლის 29 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ.

თანხის დანიშნულებაში პრეზიდენტმა მიუთითა  – “ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად გაწეული პირადი ხარჯები”.

პრეზიდენტმა 2023 წელს ხელფასის სახით 84 221 ლარი აიღო, საიდანაც 55 275 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა. 29 იანვრის მონაცემებით, პრეზიდენტის საბანკო ანგარიშებზე იყო: 27 ათას ევრომდე და 29 ათას დოლარამდე თანხა.

სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც პირადი ხარჯით მიდის გერმანიაში, სადაც მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.