ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპულ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ ის საკუთარ ბლოგში წერს.
“31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არაორდინალური მდგომარეობაა: პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველმა პარტიამ მოახერხა მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა.
არც იმაზე ვიდავებ – გაყალბდა თუ არა არჩევნები, არც იმაზე – მიიღო თუ არა ეს შედეგები საზოგადოებამ. ფაქტია, რომ ვაგრძელებთ ცხოვრებას გაფორმებულ ავტოკრატიაში, რომელსაც რესპუბლიკანიზმის (ხელისუფლების დანაწილება, ხელისუფლების ანგარიშველდებულება, კანონის უზენაესობა) აღარანაირი ნიშანწყალი რჩება.
თუ გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამ მძიმე რეალობის გააზრებით უნდა დავიწყოთ. ეს უნდა გაიგოს ყველამ: მოქალაქემ, მეწარმემ, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჩვენმა საგარეო პარტნიორმა. ყველამ”,– წერს ის.
მისივე შეფასებით, თვალს ვადევნებთ ჩვენი ისედაც სუსტი სახელმწიფოებრივი ჩანასახის თანდათანობით და მეთოდურ კვდომას.
ჭიაბერაშვილის თქმით, უმძიმესი სოციალური კრიზისის მიუხედავად, მთავრობას მომავალი თაობების ხარჯზე ჯერ კიდევ აქვს ფინანსური რესურსი.
“ხდება საქართველოს „მოლდოვიზაცია“ ან „ტაჯიკეთიზაცია“ – როდესაც ქვეყანაში რჩება პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ბიუროკრატია, ხოლო ყველაზე პროდუქტული ნაწილი გადის გარეთ და მათ მიერ გადმორიცხული ფული არის ერთადერთი საშუალება – კიდევ გავიმეორებ, მთავრობის მიერ აღებულ ვალებთან ერთად – უბრალოდ, ისუნთქოს ამ ქვეყანამ. კი არ განვითარდეს, იარსებოს.
გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთ პირობებში რამე ეშველება განათლებას – სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველს. ესაა ჩვენი რეალობა”,– წერს ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.
“ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას.
გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგოროვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო.
წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას”,– აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.